საქართველოში ყველა მეხუთე მშობელი აღიარებს, რომ ბავშვს სისტემატურად სცემს

ნინოს ბავშვობის ყველაზე მძიმე მოგონება მეზობლისგან ნასესხები ნავთის დაქცევას უკავშირდება. ახსოვს, როგორ ცდილობდა დედის დარწმუნებას, რომ ნავთი მას არ დაუღვრია და როგორ ბანდა დედა სისხლიან პირს, თან სცემდა. ამ შემთხვევის გახსენებისას ლალი ყოველთვის ცდილობს დედის გამართლებას -ამბობს, რომ 90-იანი წლები იყო და ბევრი პრობლემის გამო მასაც სტრესი ჰქონდა, თუმცა თავად გადაწყვეტილი აქვს, ყოველთვის ენდოს საკუთარ შვილს.

 

ნინოს ისტორია

ბავშვის აღზრდისას დისციპლინა, როგორც წესი, ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით მიიღწევა. ხშირად მშობლები ფიქრობენ, რომ ბავშვს „სხვანაირად ვერ გააგებინებენ, თუ არ სცემე“. შედეგად კი, ბავშვის მიმართ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება სოციალურ ნორმად ყალიბდება. ამის გამო საზოგადოებაში მაღალია ძალადობის მიმართ ტოლერანტობის დონე, რაც მის პრევენციას, კიდევ უფრო ართულებს. UNICEF-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში ყველა მეხუთე მშობელი აღიარებს, რომ ბავშვს სისტემატურად სცემს. 

 

ფსიქოლოგ მაია ცირამუას თქმით, ფიზიკური დასჯა, ტკივილთან ერთად, მოზარდის თვითშეფასებას ანგრევს. ცირამუას თქმით, მშობლები, რომლებიც შვილებზე ძალადობენ, ვერ იაზრებენ, რომ მიუხედავად მათი ასაკისა, ბავშვებს ღირსების განცდა აქვთ.

 

მაია ცირამუას თქმით, ხშირ შემთხვევაში, ის ადამაინები, რომლებსაც ჰქონდათ ძალადობრივი გამოცდილება, ამას ნორმად მიიჩნევენ და საკუთარ ოჯახზე გადააქვთ. იმავე პრობლემაზეა საუბარი UNICEF-ის კვლევაში, რომლის მიხედვითაც, ძალადობა უფრო ხშირად მათ მიაჩნიათ დასაშვებად, ვისაც ბავშვობაში ფიზიკურად სჯიდნენ.

 

ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის არსებული სახლემწიფო სერვისები არასაკმარისი და არაეფექტიანია. სოციალური მუშაკების თქმით, მათ არასაკმარისი რესურსები აქვთ იმისთვის, რომ ბავშვებს დაეხმარონ. მაგალითად, თბილისში მხოლოდ ერთი ფსიქოლოგია, რომელიც ძალადობის მსხვერპლებთან მუშაობს და განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავენ. გვანცა შეროზია 2008 წლიდან სოციალური მუშაკია და არსებული სისტემის არაფექტიანობაზე საურბობს.

 

კვლევის მიხედვით, საზოგადოებამ კარგად იცის, თუ რა სახის ქმედება წარმოადგენს ფიზიკურ ძალადობას. მიუხედავად ცოდნის მაღალი დონისა, კვლევის რესპონდენტების დიდი ნაწილი ბავშვზე ძალადობას პრობლემად ვერ აღიქვამს. ამ წინააღმდეგობის ერთერთი მიზეზი შეიძლება, ის იყოს, რომ საზოგადოებისთვის მიღებულია აღზრდის მიზნებისთვის ფიზიკური დასჯის ფორმები. მეტიც, მშობლები ფიქრობენ, რომ თუ შვილს მკაცრად არ გაზრდიან, საზოგადოების მხრიდან გაიკიცხებიან და ცუდ მშობლად/აღმზრდელად ჩაითვლებიან.

 

Powered by  Jumpstart Georgia